ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა.
ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსების მორიგი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა.
„წარმოგიდგენთ 25 ერთეულ ახალ ავტობუსს, რომელიც აღიჭურვება უსაფრთხოების სისტემით და ეტაპობრივად გადანაწილდება სხვადასხვა ხაზზე. საერთო ჯამში, დედაქალაქში უკვე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და გადაადგილება იყოს უპრობლემო. პარალელურად, ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ გაჩნდეს საავტობუსო ზოლები. ასევე, ველოდებით დამატებით 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოსვლას. საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული, გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება. აღნიშნული პროექტი მომდევნო წლის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.
კახა კალაძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები, ტრანსორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში შემოსულია და ექსპლუატაციაშია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება.